ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დოლიძე: “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გათვალისწინებული უნდა იყოს”

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული მოსამართლის უვადოდ დანიშვნის დროს. ამის შესახებ ანა დოლიძემ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.  დოლიძის განმარტებით, თუ ამ კანონპროექტს იუსტიციის საბჭო გაითვალისწინებს, იმსჯელებენ სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველ მოსამართლე ლევან მურუსიძეზეც.

“ბოლო გასაუბრების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ არანაირად იმ ფაქტს, რომ საქართველო არის სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ სივრცეში. მოსამართლეებს, რომლებსაც უნდათ უვადოდ დანიშვნა, მათი გადაწყვეტილებების ხარისხი თუ როგორც იქნება შეფასებული სტრასბურგის მიერ უნდა გავითვალისწინოთ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლო არის მთავარი სტანდარტების დამდგენი ადამიანის უფლებათა სფეროში, მთავარი სტანდარტების დამდგენი მართმსაჯულების ხარისხის. აქედან გამომდინარე, მოსამართლის ქმედება, ასევე როგორ არის ეს ქმედება განსჯილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმისათვის, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, იმსახურებს თუ არა მოსამართლე უვადოდ გამწესებას. ჩემი ინიციატივით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მსჯელობა განსაკუთრებით სასამართლოს ქმედებასთან დაკავშირებით, პირდაპირ უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული მოსამართლის უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებაში. იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლო არის მთავარი სტანდარტების დამდგენი ადამიანის უფლებათა და ზოგადად, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში. შესაბამისად, თუ ეს ინიციატივა გათვალისწინებული იქნება, ბუნებრივია, იქნება მსჯელობა ლევან მურისიძეზე და სხვა მოსამართლეზე. დაახლოებით, 50 მოსამართლეა ასეთი რომლის საქმეც მომხდარა სტრასბურგში”, – განმარტა ანა დოლიძემ.

კანონპროექტზე მომხსენებელია ანა დოლიძე. პროექტი კერძოდ, ითვალისწინებს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კანდიდატის მიერ განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებას.

იტვირთბა....