ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფიო ქაცარავა: “ე.წ. „შავი სია“ ვერანაირად ვერ იქნება გამართლება იმისა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან მიმართებით”

სოფიო ქაცარავა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოსი ხალხის გენოციდში იყო ბრალდებული და მასზე გამოძიება მიმდინარეობდა.

ქაცარავა ამბობს, რომ ე.წ. შავი სია ვერ იქნება ტატუნაშვილის მკვლელობის გამართლება. ასევე სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

„ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. განცხადებას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ე.წ. „შავი სია“ ვერანაირად ვერ იქნება გამართლება იმისა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან მიმართებით. ამ დროისთვის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ყველაფერი კეთდება ამისთვის. ყველანაირ ფორმატსა და ბერკეტს ვიყენებთ ამისათვის და რა თქმა უნდა მეორე, მთავარი ამოცანა არის, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ ამ ფაქტის გამოძიება, რაშიც საერთაშორისო საზოგადოებამაც გამოთქვა სურვილი, რომ დაგვეხმარონ და ხელი შეგვიწყონ“, – აღნიშნავს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა.

დე ფაქტო ცხინვალის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძეც, მისი თქმით,  პროკურატურის ეს განცხადება არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამართლება, ასევე მან აღნიშნა, რომ ტატუნაშვილი არის ნაწამები და სწორედ ამიტომ არ ხდება ცხედრის დროული გადმოსვენება.

„ოკუპანტი არის ოკუპანტი, შესაბამისად, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეალურად, რომ გაამართლოს ეს არაადამიანური ქმედება თავისი თვალთახედვით, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება დაირღვა, ადამიანის უფლებები დარღვეულია და ცხედრის გადმოცემა იმიტომ არ ხდება, ცინიკურად ხაზს ვუსვამ, რომ ადამიანი ნაწამებია, ზუსტად ვიცით ამის შესახებ და არ უნდათ, რომ ეს კვალი ქართულმა საზოგადოებამ ნახოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიება გატარდეს ახლა, საერთაშორისო დონეზე, პარტნიორები აქტიურად ჩაერთონ, რომ დავიბრუნოთ ცხედარი და ის ორი ადამიანი უვნებლად დაბრუნდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე” – აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....