სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა ცხინვალში ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალში 22-23 თებერვალს ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა სხეულზე არ აღმოჩნდა ტრამვების კვალი.
“რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, – განაცხადა ტეხოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”