საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოლდოვას პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი ასევე ეკონომიკური და კულტურული სფეროები.
„მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ხაზი გავუსვით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმისა, რომ ერთად ვიდგეთ ჩვენი საერთო ინტერესების დასაცავად. ასევე, შევეხეთ ეკონომიკურ თანამშრომლობას, აღვნიშნეთ, რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თუმცა, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და გავაღრმავოთ ასეთი კავშირები. ასევე, შევეხეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროს, როგორიც არის კულტურული თანამშრომლობა, განათლების, მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა – ეს არის ის სფეროები, სადაც ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.