ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის სურს საზმაუს ბორდის წევრობა

ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო დღეა.

საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაც წინა კვირაში გახდა ცნობილი, სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 საუკეთესო კანდიდატი უნდა შეარჩიოს. ამ ათიდან კი პარლამენტი საბჭოს ოთხ ახალ წევრს აირჩევს.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, რამდენი განაცხადია შესული სამეურვეო საბჭო წევრობის კონკურსზე.

თუმცა „ლიბერალისთვის“ საბჭოს წევრობის მსურველი რამდენიმე პირის შესახებ გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი კავშირ „საფარის“ ხელძღვანელი ბაია პატარაია. პატარაიამ „ლიბერალთან“ კონკურსში მონაწილეობა დაადასტურა.

„ვაპირებ  მონაწილეობის მიღებას,  რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი, არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას თუ პირს.  განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება.  რაც იქ ხდება, აჩვენებს უკუსვლას და რეგრესს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ბორდის პირობებში მაუწყებლის განვითარებას შანსი არ აქვს, თუმცა ბორდს ჰყავს ქეთი მსხილაძისნაირი შესანიშნავი წევრები.“

კონკურსში მონაწილეობას გეგმავს ზვიად დევდარიანიც. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ დირექტორია.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, რომელთა მიმართ საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესია, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს.  რეფორმის ახალი ტალღის შემდეგ მე თვითონ ვიყავი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიაში, რომელიც არჩევდა ამ სავარაუდო ბორდის წევრებს. ასე რომ, თავიდანვე ჩავერთე ამ პროცესში იმ იმედით, რომ მოხერხდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება.

თუმცა ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები  რაღაცნაირად მიანიშნებს, რომ რეფორმა ნამდვილად არ არის წარმატებული.“ – განუცხადა „ლიბერალს“ ზვიად დევდარიანმა.

„ლიბერალს“ მონაწილეობა დაუდასტურა ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ, მისი თქმით, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივარია.

„მე ვარ ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის დიდი გულშემატკივარი; ის, რომ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, არის დიდი მონაპოვარი.

ეს არის ფუფუნება და მიღწევა ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ზოგადად დემოკრატიულ, თუნდაც განვითარებადი დემოკრატიის პერიოდში სახელმწიფოს.

სამწუხაროდ, დღემდე შეუძლებელი გახდა, ფაქტობრივად, და ძალიან ცოტა გაკეთდა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს სათანადო დონის. ამიტომ მე მაქვს ძალიან დიდი მოტივი, როგორც ჟურნალისტს, ამ მაუწყებლის რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე ჟურნალისტს; ასევე, ზოგადად, 20 წელია, მაქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება და მიფიქრია კიდევაც და ხედვაც მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების. ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიყო სასარგებლო.“ – განუცხადა ლიბერალს ნათია კობერიძემ.

„ლიბერალთან“ კონკურსში მონაწილეობა ასევე დაადასტურა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ.

სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან შედგება. უფლებამოსილება ეწურება გრიგოლ გოგელიას; მარინა მუსხელიშვილს, გიორგი კოხრეიძეს. ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პირადი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა.

http://liberali.ge/news/view/34707/vis-surs-sazmaus-bordis-tsevroba

იტვირთბა....