მამისეიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი შავაძე არის წარუმატებელი მოსამართლე, რომელმაც იმის გამო, რომ საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო უვადოდ დანიშვნაში, გაბრაზება ამ ფორმით გამოხატა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებებს შეურაცხმყოფელს უწოდებს.
“ვწუხვარ, რომ ასეთ საკითხებზე მიწევს საუბარი. ამდენი სიცრუე, თავზე ლაფის დასხმა, შეურაცხმყოფელია ჩემთვის. მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ვეცნობით, ერთგვაროვანი პრაქტიკა რომ იყოს, თუმცა მან(ირაკლი შავაძემ) თქვა, მე რა გადაწყვეტილებასაც მინდა მივიღებო. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მასთან კომუნიკაცია არ უნდა მქონოდა, რადგან მისი განცხადებები არის სიცრუე და დემაგოგიური. ტყუილია, რომ ართმელიძესთან დაკავშირებით რაიმე ზეწოლას ვახდენდი. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იტყუებოდა. მამუკა ახვლედიანმა თქვა საჯაროდ, რომ თითქოსდა ართმელიძის საქმით დაინტერესებული ვიყავი. სწორედ ამიტომ საუბრობს ამ საქმეზე ირაკლი შავაძეც. მე არ ვერეოდი საქმეთა განაწილებაში. რასაც ბატონი შავაძე ბრძანებს, არის გაბრაზებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკი, რადგან უვადოდ არ დაინიშნა. თვითონვე თქვა, რომ დანიშნულიყო, ამ ბრალდებებზე არ ისაუბრებდა. ტყუილია თითქოს ვინმე ხელს უშლიდა”,- განაცხადა მამისეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.