შსს-ს ცნობით, ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ აჭარაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი. მათ შორის, 1 პირი გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მეორე წარსულში ნასამართლევია. ორივე პირის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
ჭელიძის ცნობით, ბრალდებულები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არასრულწლოვნებს მოტყუებით ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და შემდეგ ყიდდნენ. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.