იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა და საბჭოს პოზიცია ტესტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, დანიშნული სხდომა სამოქალქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის ღია უნდა ყოფილიყო.
“ბევრი კითხვები რომ არ ყოფილიყო ამ პროცესთან დაკავშირებით უმჯობესი იქნებოდა შეხვედრა სამოქალქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის ღია ყოფილიყო. მედიას ჰქონოდა საშუალება დასწრებოდა შეხვედრას. უკიდურეს შემთხვევაში მისასალმებელი იქნება, თუკი მოხდება სრული ვიდეოგადაღება და შემდგომში განთავსება. ვფიქრობ, როცა ლაპარაკია პრობლემებზე, ბუნებრივია მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. სასამართლო სისტემა ბევრი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სისტემის შიგნით არსებული მოსამართლე ლაპარაკობს არაფორმალურ კავშირებსა და გავლენებზე და იუსტიციის უმაღლსი საბჭოსთვის ტესტია რა პოზიციას დაიჭერს დღეს”- განაცხადა სულხან სალაძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს დღეს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძემ სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება სთხოვა. შავაძემ თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე 22 თებერვალს უარი მხოლოდ იმიტომ უთხრა, რომ არ იყო „კოლექტიური მურუსიძე“. ამას მურუსიძემ აბსურდული ბრალდება უწოდა და განმარტა, რომ შავაძის სასამართლო სისტემაში მოსვლა სწორედ მის სახელს უკავშირდება.