ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ

პოლიციამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით, კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია 1 კილო და 300 გრამი ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი“, 17 გრამი „მეტამფეტამინი“ და სხვ.

ჭელიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი. ბრალდებულთა შორის საქართველოს – 6, ირანის – 5 და ავსტრიის – 1 მოქალაქეა.

ასევე, ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სულ 9 პირია დაკავებული, მათ შორის, თურქეთის 1 მოქალაქე.

მამუკა ჭელიძის განმარტებით, სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში „ბრაუნინგის“ და კალაშნიკოვის სისტემების 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები ამოიღეს.

გარდა ამისა, ახმეტაში, გურჯაანში, ზუგდიდში, სიღნაღისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პოლიციაში ნებაყოფლობით წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ: „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 პისტოლეტი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 3 მჭიდი და 272 საბრძოლო ვაზნა. აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

იტვირთბა....