ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებლის, პოლიტიკოს გია მაისაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მისი ძმის, ანზორ მაისაშვილის განცხადებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გარკვეულ დეტალებს აგვარებს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
“საკონსულომ უნდა გადმოასვენოს ცხედარი, თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოხერხდება გადმოსვენება. ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში. საკონსულოს განკარგულებაშია ეს პროცედურებიც და გიას ცხედარიც. ალბათ, გადამზიდავ კომპანიაზეა დამოკიდებული გარკვეული საკითხები, ამიტომ, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ“, – განაცხადა ანზორ მაისაშვილმა.
გარდაცვლილის ძმისთვის ჯერჯერობით უცნობია, სად დაიკრძალება გია მაისაშვილი. მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვენების შემდეგ გია მაისაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხდიან.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა.