ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2 935-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით პირველი იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 935-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხარვეზების უმეტესობა სამუხრუჭე მოწყობილობის გაუმართაობას, გამონაბოლქვს, ფარებსა და შუქამრეკლებს უკავშირდებოდა. დარღვევების გამოსასწორებლად სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს ერთთვიანი ვადა აქვთ.

შემოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2 405 იურიდიული პირის მფლობელობაშია.
ცნობისთვის, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება უნდა გაევლო სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს.
2018 წლის 1 ივლისიდან კი ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა სამი ათას კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას.
2019 წლიდან კი ტექნიკურ შემოწმებას ყველა ავტომობილი დაექვემდებარება.
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარია.

თუ მძღოლი დარღვევის შემთხვევაში ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 24 ტესტირების ცენტრი და 35 ხაზი მოქმედებს. დაგეგმილია მათი რაოდენობის 115-ით გაზრდა.

იტვირთბა....