პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის საკრებულოში კრიზისი “ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია, რომელიც მენტალურად ვერ ეგუება იქ ოპოზიციის უმრავლესობას .
ინაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში თბილისიდან ლიდერების ჩარევა სწორი არ არის.
“ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს არა “ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“ ან “ლეიბორისტული პარტია“, არამედ უმრავლესობაშია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენ პატივს ვცემთ ბორჯომის საკრებულოს, ბორჯომის საკრებულოს დეპუტაციას და დარწმუნებული ვართ მათ კომპეტენციაში. მათ ჩვენი დახმარება ჩვენი ჩასვლის სახით, არ სჭირდებათ. მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას“, გამოვიდეს დესტრუქციული ქმედებების რეჟიმიდან. დასხდნენ ერთ მაგიდასთან და მონახონ საერთო ენა. ამ დეპუტატებს ხმა ხალხმა მისცა. დღეს ხელფასებზე კი არ უნდა ჩხუბობდნენ, არამედ ზრუნავდნენ იმაზე, თუ როგორ დაეხმარნონ ბორჯომის მოსახლეობას. ეს უნდა იყოს საკრებულოს ფუნქციონირების მიზანი და ამ მიზანს საკრებულო ვერ აღწევს, რადგან თავიდანვე “ქართული ოცნება“ მენტალუტად ვერ ეგუებოდა და დღესაც ვერ ეგუება ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.