ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: ხელისუფლება ბორჯომში საბოტაჟს აწყობს

ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აფასებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბორჯომში საბოტაჟს აწყობს.

მისი თქმით, ბორჯომში გაუგონარ და ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

“იმ რეგიონში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო, ცდილობენ ძალადობით შეცვალონ შედეგი, ხალხის ნება და განცხადებები, რომ იქ არჩევნები უნდა ჩატარდეს, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი, პოლიტიკური დაკვეთა. მეორე პრობლემაა მიზეზი – ისინი აჯანყდნენ არა ბორჯომის პრობლემების, არამედ საკუთარი კეთილდღეობის საკითხებზე, იბრძვიან რომ საკუთარი ცხოვრება გაიუმჯობესონ. მესამე პრობლემა არის შსს-ს ქმედება. ეს არ არის დამკვირვებელი უწყება, შსს არ არის “ქართული ოცნების” ინტერესების დამცველი, შსს ვალდებულია იქ აღკვეთოს ძალადობა, რათა საკრებულო ფუნქციონირებდეს ცივილურად. ეს არ გააკეთა შსს სამინისტრომ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სადაც “ქართულ ოცნებას” არ გასდის თავისი, ძალადობით შეცვალოს შედეგი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც

ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღეს დილიდან კი ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.

იტვირთბა....