შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე საათის წინ, ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმაურება.
მინისტრის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და მუშაობენ ექსპერტები.
„ეს სამწუხარო ტრაგედია მოხდა დღეს. უკვე ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, ექსპერტიზები დანიშნულია და რაღაც შედეგები გვექნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშის ფილა 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეცათ. ერთი ბავშვი მძიმეც იყო დაშავებული, ის რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. დანარჩენი 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: “1tv”