რობაქიძის საქმეზე დაკავებულ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს ადვოკატი ხვალ შეხვდება.
ადვოკატის ზაზა შანავას თქმით, ბაქრაძის მიერ, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება არის მისი საბოლოო პოზიცია.
„მან გააკეთა განცხადება და ეს არის მისი საბოლოო პოზიცია. გამოძიებაში არ დაკითხულა, სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, ამიტომ მისი ჩვენება სანამ დადასტურებული არ იქნება, მანამდე მის განცხადებას ვერ მივიჩნევთ ჩვენებად“,- განაცხადა ადვოკატმა.
ბუტა რობაქიძის საქმის ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელიც აქამდე მიმალვაში იმყოფებოდა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფება, საქართველოში ჩვენების მისაცემად რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაქრაძემ ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.
წყარო: “1tv”