„ამტელ ჰოსპიტალის“ ექიმმა, ლაშა მაჭარაშვილმა, დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამივე მოზარდი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.
ასევე მაჭარაშვილის თქმით, პაციენტებს ყველანაირი გამოკვლევა და საჭირო პროცედურები აქვთ ჩატარებული.
„ჩვენთან მოყვანილი იყო სამი პაციენტი. ერთი ბიჭი და ორი გოგო. 12-13 წლის ასაკის. ისინი კლასელები არიან. ერთს აღენიშნება ნაფლეთოვანი ჭრილობა თხემის არეში, რომელიც გაიკერა და დამუშავდა. ჩაუტარდა თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღენიშნება ტვინის შერყევა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. მეორე პაციენტ გოგონას აღენიშნება ჭრილობები სახის არეში, ქალა ტვინის ტრავმა. ჭრილობები დამუშავდა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ტვინის შერყევის მცირე ნიშნები არის და მოთავსებულია მეთვალყურეობის ქვეშ. მესამე პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა. მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია“, – აღნიშნა ლაშა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, რამდენიმე საათის წინ ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშის ფილა 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეცათ. ერთი ბავშვი მძიმეც იყო დაშავებული, ის რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. დანარჩენი 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.