გაერო-ს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდება, დღეს საქართველოს პარლამენტში ისაუბრეს, სადაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, შსს-მ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნომ „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ გახსნეს. სტატისტიკის მიხედვით თამბაქოს ეპიდემიის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე – 12, ხოლო ევროკავშირში მე–2 ადგილზეა.
კამპანიის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება და მომზადება რეგულაციებისადმი, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება და რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს აკრძალვას გულისხმობს.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სკოლებში მე-10 კლასელებიდან მინიმუმ ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსინჯავს თამბაქო, ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) გაუსინჯავს ელექტრონული სიგარეტი. ქვეყანაში რეგულარული მწეველობის დაწყების ასაკი 13 წელია. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით 70 000 ადამიანი ავადდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 000-ს შეადგენს, აქედან 300-მდე ბავშვია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმის კარგი შედეგი იქნება, თუ მწეველობის რაოდენობა ყოველ წელს 1%-ით შემცირდება.