ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აკაკი ზოიძე: “უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაერო-ს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი გათვლებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩვენ გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად, ათი წლით ადრე სიკვდილისაგან და 3,5 მილიარდ ლარს დავზოგავთ იმ ხარჯების არ გაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს მოყვება.

ზოიძემ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, “თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია “გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან” გახსნა.

“პირველი მაისიდან იწყება ამ კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმის დანერგვა, კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის გზავნილი. უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან 1-ელი მაისიდან – ეს იქნება ის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება ამ ორი თვის განმავლობაში, რაც დარჩა კანონის ნორმის ამოქმედებამდე. ძირითადი ამოცანა გახლავთ ჩვენ მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ პირველი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისათვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 ათასი კვადრატული კილომეტრი. მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრძალული ისევ და ისევ მათივე თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იტვირთბა....