2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შემდეგ სასტუმრო „ლეოგრანდი“ აღარ ფუნქციონირებდა. „ველმონდი“ – ამ სახელწოდებით განაახლებს სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას.
როგორც სასტუმროს იურისტმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის სასტუმროს პირველ ფლიგელში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის მხოლოდ წინა ფლიგელებში მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს, იმ ნაწილში, რომელსაც ხანძარი არ შეხებია. ძირითადად ტექნიკური პერსონალი მუშაობს ამ ეტაპზე, ხოლო როცა სრულად ამუშავდება სასტუმრო, ყველა დასაქმებული პირი დაბრუნდება სამსახურში,“- ამბობს იურისტი.
სასტუმროს დახურვის შემდეგ ადმინისტრაციამ თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვა. თანამშრომლებმა არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს და მთავრობას, სასტუმროს მიეცეს სამორინეს ფუნქციონირების უფლება გამოძიების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.