პაატა ბურჭულაძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილს განცხადებით, არის მცდელობა, რომ ბურჭულაძის ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია ჩამოყალიბდეს. ადვოკატი ყოფილი მთავარი პროკურორის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებებს ეხმაურება, სადაც ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დიდუბეში, სააკაშვილის მთავრობისგან საქველმოქმედო მიზნებისთვის 1000 დოლარად გადაცემული 4000 კვ.მ. შენობა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ საქმეს მოახმარა.
ბარათაშვილის განცხადებით, უნდა გაირკვეს, რას ემსახურება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის განცხადებები, როგორ მიუწვდება მას და ზოგიერთ სხვა პირს ხელი ამ მასალებზე და ვინ დგას ყოველივე ამის უკან. ადვოკატი აპირებს პროკურატურას მიმართოს
„ პაატა ბურჭულაძის და ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ ქვეყნდება წერილები, კეთდება ვიდეო სიუჟეტები, რომლებიც გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს და უკიდურესი სიძულვილით არის გაჟღენთილი. ყველაფერი ეს თავისი შინაარსითა და სულისკვეთებით მახსენებს მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დევნას მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების წინააღმდეგ, როდესაც ე.წ. „საზოგადოების წარმომადგენლები“ მათ ხალხისმტრობაში ამხელდნენ და მოითხოვდნენ ამ ადამიანების განადგურებას.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი პუბლიკაციის ავტორებს არ მიუმართავთ ფონდ ,,იავნანას“ ხელმძღვანელებისათვის მათთვის საინტერესო რომელიმე საკითხის გასარკვევად. აქედან გამომდინარე, შეკითხვა, რომელიც ამ პუბლიკაციებიდან ჩნდება არის ის, თუ საიდან იღებს ეს ხალხი ამ ინფორმაციას,“ – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.