2017 წელის მონაცემებით კანადას თავშესაფარი საქართველოს 157-მა მოქალაქემ სთხოვა. 90 საქმეზე განხილვა დასრულდა. 38 განაცხადი დაკმაყოფილდა, 43 მოქალაქეს უარი ეთქვა, ცხრა შემთხვევაში კი, საქმე შეწყვეტილია ან განაცხადია გაწვეული. 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 206 საქმეზე განხილვა არ დასრულებულა. ინფორმაციას კანადის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით, პირველი არხი ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. 2014 წელს განაცხადი აღნიშნული მოთხოვნით 87-მა მოქალაქემ წარადგინა, 32-მა კი, დადებითი პასუხი მიიღო. 2015 წელს შესაბამის სამსახურში 91 ახალი განაცხადი შევიდა და 15 დადებითი გადაწყვეტილება ფიქსირდება. 2016 წელს თავშესაფარი 113-მა მოქალაქემ მოითხოვა, დადებითი პასუხი 31-მა მიიღო.
კანადაში საქართველოს მოქალაქეთა მოგზაურობის შესახებ მონაცემები მზარდია – 2014 წელს კანადას საქართველოს 280 მოქალაქე ესტუმრა, 2015 წელს – 361, 2016 წელს – 503, 2017 წელს კი, 566 ქართველი.