შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წუხელ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, ტატუნაშვილის მამამ შსს-სთვის მიცემული ვადა გადაწია – მოკლული სამხედროს ახლობლები მანამდე აცხადებდნენ, რომ თუ ოთხშაბათსაც ვერ მოხერხდებოდა ცხედრის გადმოსვენება, ისინი კვლავ გზას გადაკეტავდნენ.
“რა უნდა ვთქვა, სხვა რა გზა მაქვს, მუშაობს ადამიანი და რაღა მაქვს სათქმელი. ეს კაცი მოდის, ყოველდღე ამოდის და გვაწვდის ინფორმაციას, მერე შევხედავთ, ხვალ არაფერს არ ვგეგმავთ,”-განაცხადა გვიან ღამე არჩილ ტატუნაშვილის მამამ.
გიორგი გახარია გუშინ, გვიან საღამოს სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ტატუნაშვილების ოჯახს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.