ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საყვარელიძე: “რუსეთთან ყველაზე სწორი ქმედება ძალის ენით საუბარია, მაგრამ ეს არ შეგვიძლია”

ტატუნაშვილის საქმეში ქართული მხარის სწორედ მოქმედება საკითხის ცოტა გაუგებარი დაყენებაა. მაშინ რა უნდა ვთქვათ ამერიკაზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ ახდენს, – ასე ეხმაურება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და მისი ცხედრის ქართული მხარისთვის არ გადმოცემის ფაქტს.

როგორც “მეტრონომს” საყვარელიძემ განუცხადა, საქმე გვაქვს რუსეთთან და ამ ვითრებაში ქართული მხარის სწორ და არასწორ ნაბიჯებზე აქცენტების გაკეთება არაა მართებული.

“ტატუნაშვილის საქმეში ქართული მხარის სწორედ მოქმედება საკითხის ცოტა გაუგებარი დაყენებაა. მაშინ რა უნდა ვთქვათ ამერიკაზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ ახდენს. ჩვენ ხომ ახლა რუსეთთან გვაქვს საქმე და ის ყველასთვის ცუდი პარტნიორია. ყველაზე სწორი მოქმედება იქნება, რომ აიღო იარაღი და რუსეთთან ძალის ენით საუბარი შეძლო, მაგრამ ეს არც შეგვიძლია და არც გვინდა.

ხელისუფლების მოქმედება რახან უშედეგოა, არ ნიშნავს, რომ ის არასწორია. სწორედ მოქმედება იქნება, როდესაც რუსეთი დიპლომატიის ენით ალაპარაკდება და მერე გადავწყვიტოთ სწორად იქცევა თუ არა ქართული მხარე. მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ქართული მხარე, ის შედეგი გვაქვს, რასაც ველოდით”, – აცხადებს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....