ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ჩინოსანმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა. ის ამას იმით ხსნის, რომ „არ უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით“.
აღსანიშნავია, რომ დე-ფაქტო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ექსპერტიზა რუსეთში ჩაატაროს.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილის გადმოცემა იმიტომ ჭიანურდება, რომ ტატუნაშვილს სხეულზე სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, რისი გამჟღავნებაც არ სურს ოსურ მხარეს. თუმცა, მათი ინფორმაციით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობაა.
„საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, სოფელ ერგნეთთან ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ავუხსენით საქართველოს წარმომადგენლებს, რომ იმისთვის, რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, უფრო მეტი ობიექტურობისთვის, მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გაიგზავნა. ჩვენ ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგებს, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება მზად. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარი, ექსპერტიზის დასკვნის ასლთან ერთად ქართულ მხარეს გადაეცემა. ჩვენ ვთვლით ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება“, – განაცხადა მურად ჯიოევმა. რაც შეეხება დაკავებულ კიდევ ორ პირს, ჯიოევის თქმით, ამ დრომდე ისინი ახალგორში იმყოფებიან და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე პირი დააკავა ოსურმა მხარემ, რომელთა შორის იყო არჩილ ტატუნაშვილი. მისი ცხინვალში მოხედრის და გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტამდე უცნობია.