ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დღეს სასამართლოზე დაპირისპირება მოხდა. სოსო რობაქიძემ ოქრუაშვილს მიმართა, “ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი”. დაპირისპირების მიზეზი სასამართლოზე ოქრუაშვილის დაკითხვა გახდა, სადაც რობაქიძემ მას მოუწოდა, რომ სიმართლე ეთქვა.
„როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცის კვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით.
პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, – მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.
ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:
„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, – უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა რობაქიძეს.
ამის შემდეგ რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა რეპლიკით:
„შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, – განაცხადა რობაქიძემ.