თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონას საქმეზე დაკავებული მისი შეყვარებულის ადვოკატი ნაირა ნატროშვილი აცხადებს, რომ საქმეში მის მიერ ნახსენები BMW-ს მძღოლი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ნატროშვილი „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული პირის შესახებ მათ გამოძიებას უკვე აცნობეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მის ვინაობას მედიასთან საუბარში ვერ გაამხელს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებაში ის ჯერ არ არსებობს და თუ პოლიცია ამ ფაქტის შესახებ ყურადღებას არ გამოიჩენს, გამოძიებას თავად ჩაატარებენ.
თუმცა „მეტრონომთან“ საუბარში ადვოკატი არ ამბობს, ბრალდებულმა BMW-ს მძღოლის შესახებ ვისგან და როგორ შეიტყო. არ ამბობს უთხრა თუ არა გოგონამ მის შესახებ შეყვარებულს და რა ურთიერთობაში იყვნენ ისინი. ნატროშვილი იმასაც ადასტურებს, რომ საქმეში მოწმის სახით დაკითხული BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი ის პიროვნება არ არის ვიზეც ის საუბრობს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკითხული მოწმე ბრალდებულის მეგობარია, რომელიც გოგონას მოძებნაში ეხმარებოდა.
„სამწუხაროდ გოგონას და BMW-ს მძღოლის ურთიერთობის შესახებ ვეღარაფერს გეტყვით. ის რა განცხადებაც გავაკეთე, ამანაც დიდი აჟიტაჟი გამოიწვია. ამიტომ ჯერჯერობით დამატებით რაიმეზე საუბრისგან თავს შევიკავებ. იმას კი დაგიდასტურებთ, რომ ავტომობილის მძღოლი ჯერჯერობით საქმეში არ ფიგურირებს და დაუდგენელი პირია.
ჩვენ გამოძიებას ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოვუწოდეთ. ვნახოთ რას იზამენ, ჯერ რასაც ვხედავთ ამ კუთხით გამოძიება არ დაწყებულა. თუ პოლიცია ამ პიროვნების დადგენით არ დაინტერესდა, გამოძიებას თავად ბრალდებულის მხარე დაიწყებს. ვერც იმას გეტყვით, ამ პიროვნების შესახებ ბრალდებულმა საიდან გაიგო. დაგიდასტურებთ იმასაც, რომ საქმეში მოწმის სახით დაკითული BMW-ს მძღოლი არ არის ის პიროვნება, ვიზეც ბრალდებული საუბრობს. ის მისი მეგობარია და გოგონას მოძებნაში ეხმარებოდა“,-განაცხადა „მეტრონომთან“ საუბარში ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი