ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დეფაქტო ხელისუფლებას მიმართავს

სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. ისინი ამ დროისთვის ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან. სუს-ი რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს არ შეუქმნას რაიმე დაბრკოლება კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თაობაზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთ ხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის,არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე“, – აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....