ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტატუნაშვილის გადმოსვენებასა და დაკავებულების გათავისუფლებაზე მოლაპრაკებები დაწყებულია

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ორი დაკავებული პირის გადმოცემა უმოკლეს ვადაში მოხდება. ასევე მისი თქმით ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ხელისუფლების აქტიური ქმედებით და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ჩართულობით, ინტენსიურად მიდის მუშაობა ორი დაკავებულის -პავლიაშვილისა და ქუტაშვილის გათავისუფლების თაობაზე და ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შესახებ. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია, თუმცა უმოკლეს ვადაში ველოდებით შედეგებს“, – განაცხადა ახალგორის გამგებელმა.

ახალგორის გამგებელი მომხდარზე საუბრობს და ამბობს, რომ ტატუნაშვილი და დაკავებული ორი პიროვნება პავლიაშვილი და ქუტაშვილი დაკავებული იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულის გადატანით.

„რამდენიმე მანქანას გადააქვს ხილ-ბოსტნეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალგორში. მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, 2-3 წელი გადადადგილდებოდა და არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასევე, ქუტაშვილიც და პავლიაშვილიც იმავე საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ისინი დააკავეს პირველსავე სოფელში, სადაც რუსი ოკუპანტები დგანან. პავლიაშვილი და ქუტაშვილი იყვნენ ერთი მანქანით, ხოლო ტატუნაშვილი მარტო იყო თავის მანქანით. სამივე გადაიყვანეს და ტატუნაშვილი, დიდი ალბათობით, მოკლეს“, – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

ცნობისთვის,  არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყარო: “tv 1”

იტვირთბა....