თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ჟურნალისტებს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, ამოღებული დანა არ არის მკვლელობის იარაღი და იგი ეკუთვნის დაკავებულის მამას. ასევე ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი რომლის ვინაობაც ამ დრომდე ცნობილი არ არის.
“დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი. ის არ ამოუღიათ შემთხვევის ადგილიდან. დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრება, მის ავტომანქანაში იყო ყოველთვის და მისი ავტომანქანიდან იყო ამოღებული. შესაბამისად, დანაზე აპელირება, რომ ეს ის დანაა, რომლითაც დანაშაულია ჩადენილი, აბსოლუტურად აბსურდია და არც საქმის მასალებიდან დგინდება. რაც შეეხება მესიჯებს და ზარებს, ისინი საერთოდ არ არის დათვალიერებული და ამოღებული, რადგან როდესაც ლადო თავის შეყვარებულს უგზავნიდა მესიჯებს, გოგონა შლიდა მას, რათა მშობლებს არ ენახათ. თუმცა, შემდგომ უკვე გამოძიებაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ამ მესიჯების შინაარსი. შესაძლებელია, რომ ექსპერტიზამ უკვე წაშლილი მესიჯები აღადგინოს. არანაირი მუქარისშემცველი მესიჯები არ ყოფილა. საქმეში ფიგურირებს უცხო ავტომანქანა, “ბე ემ ვე”, დაუდგენელი მძღოლით, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. მე არ გამოვრიცხავ და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს, რომ თავად ლადოს შეიძლება ანალოგიური საფრთხე დაემუქროს. აქედან გამომდინარე დავეთანხმეთ პატიმრობას”, – განაცხადა ოტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება დღეს, 15.00 საათზე წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული იპოვეს.
დღის ბოლოს შსს-მ გარდაცვლილი გოგონას ყოფილი შეყვარებული დააკავა. შსს -ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.