ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კვირიკაშვილი ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე: “ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი”

გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა დადგინდეს თუ ვინაა დამნაშავე ტატუნაშვილის გარდაცვალებაში და შესაბამისად, დაისაჯოს კიდევაც.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ცხინვალში დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ მყისიერად ეცნობათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით. საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. ამასთან, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ”, – აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ცდილობდა წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელის იარაღის ხელში ჩაგდებას, რა დროსაც დაეცა კიბეზე და დაშავდა. ტატუნაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....