ახალი ამბები

საგარეო უწყება: ცხინვალის ტერიტორიაზე კიდევ ორი ქართველი პატიმარია

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებას. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.

მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას“-  ნათქვამია განცხადებაში.

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი,  2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა.

იტვირთბა....