იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა,უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საბჭომ მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება, ასევე ჯანეზაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა არის ის რომ საბჭოს არ აქვს უფლება დაწუნებულ კანდიდატს განუმარტოს მიზეზი, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი.
“სამწუხაროდ დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ საბჭომ მიიღოს არაობიექტური გადაწყვეტილება. პირველ რიგში ვგულისხმობ, რომ საბჭოს არ აქვს ვალდებულება განმარტოს, რატომ დაუჭირა მხარი მოსამართლეს ან რატომ არ დაუჭირა მხარი. რისკები არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად მოსამართლეებს საბჭო არ ნიშნავს სწორედ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი აქედან არის პროფესიული სინდისი და პროფესიული რეპუტაცია. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ დაინიშნა ისინი პასუხს ვერ მიიღებენ საბჭოსგან, თუ რატომ არ მოხდა მათი გამწესება უვადოდ თანამდებობაზე. საზოგადოებას შესაძლებელია დარჩეს კითხვები ამ პროცესთან მიმართებაში. კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა, რომ მოსამართლეები ინიშნებიან 10 ხმით. პროცესს სჭირდება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია, უფრო მაღალი დასაბუთებულობა და იმედია, შეიცვლება”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა, რომელშიც საბჭოს 15 წევრი იღებდა მონაწილეობას.