საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბახვა სტურუას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადასტურდა ბახვა სტურუას უდანაშაულობა და დადგინდა მისი პოლიტიკური დევნის ფაქტი. კერძოდ, 2011 წლის 21 მაისს, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ბახვა სტურუა მეგობართან ერთად ავტომანქანით ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისინი გააჩერეს შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბახვა სტურუა იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობის წევრი და მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, დააკავეს სრულიად უკანონოდ და მისი მსჯავრდების მიზნით ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“.
2011 წლის 01 დეკემბერს, ბახვა სტურუას მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პოლიტპატიმრად ცნობის შემდეგ მოხერხდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი ბახვა სტურუა უდანაშაულოდ ცნო”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.