“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაიბარეს. მისი განცხადებით, პროკურატურა 51-ე სკოლის საქმეზე მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა. საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და ჩანაწერს, რომელიც კუპრავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:
„მე ვაპირებ პროკურორს, ვუთხრა იმ სავარაუდო ბაბუის გვარების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ცდილობენ მოწმეების მოსყიდვას, ცდილობენ გამოძიებაში უხეშად ჩარევას. დანარჩენი ჯერი უკვე პროკურატურაზეა. ისინი ალბათ, შემდეგ ეტაპზე დაიბარებენ იმ ადამიანებს, იმ გვარებს, ვისაც მე მათ დავუსახელებ და ვნახოთ, გამოძიება რა დასკვნამდე მივა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობდეს ისე, რომ არც ერთი ადამიანს, ვერც ერთ გარეშე პირს არ შეეძლოს მასში ჩარევა და რაიმე ზეგავლენის მოხდენა გამოძიების შედეგებზე,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
აუდიოჩანაწერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრები ყვებიან, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მათ სოლიდური თანხის სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.