„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე აზებაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ქვეყნის სახე და მნიშვნელოვანია არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში, ძალიან კონკრეტული გარემოებების მითითებით, რაც ჩვენ მოვისმინეთ მუხთარისგან.
პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამოძიების მიმართ ნდობის სხვადასხვა ხარისხია.
ხოშტარია კოლეგებს კომისიის შექმნის საკითხზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში რამდენიმე თვის წინ არის ინიცირებული, თუმცა გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი პარტიული საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, საერთაშორისო პრესტიჟისთვის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი პარლამენტარისთვის, პარლამენტის ღირსებისთვის როგორც ინსტიტუტისთვის, რადგან დღეს სწორედ პარლამენტის ჯერია, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, შევამციროთ ზიანი და არ დავტოვოთ საკითხი ისე, რომ საერთოდ არავინ არ იყოს პასუხისმგებელი.
გვახსოვს, თვეების წინ, როცა დავაყენეთ ეს საკითხი, თქვენ საუბრობდით, რომ ვაცადოთ გამოძიებას. მესმის, რომ ჩვენს შორის, განსახვავებული ნდობის ხარისხია გამოძიების მიმართ – ჩვენ ნაკლებად ვენდობით, თქვენ მეტად ენდობით. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო რაც მოხდა. როდესაც ქალაქის შუაგულიდან ქრება და უბრალოდ, საზღვრიდან მეორე ქვეყანაში აღმოჩნდება, ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.
გიტოვებთ უფლებას, რომ თქვენ ენდობოდეთ გამოძიებას და ნაკლები ეჭვი გქონდეთ, მაგრამ არ არსებობს არც ერთი საღი არგუმენტი, მას შემდეგ რაც 8 თვის განმავლობაში არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არც ერთ კითხვაზე არ გაცემულა პასუხი და კითხვები ჩნდება მეტი და მეტი. კითხვები, რომელსაც სვამს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, კითხვები, რომელსაც სვამს ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში, კითხვები და კონკრეტული ბრალდებები ქვეყნის წინაშე. პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ყველას პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში, ძალიან კონკრეტული გარემოებების მითითებით, რაც ჩვენ მოვისმინეთ მუხთარლისგან.
32 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანად პარლამენტს მოგვიწოდებს, რომ როდესაც ხელისუფლება თავის ფუნქციას არ ასრულებს, ჩვენ, პარლამენტმა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავცეთ პასუხი თუ როგორ შეიძლება შუა ქალაქიდან გაქრეს ადამიანი და აღმოჩნდეს სხვა ქვეყანაში. იმედს ვიტოვებ, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს ინიციატივას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

