საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის პროგრამის შეჩერებას უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას უკავშირებს. მისი თქმით, უკრაინის დახმარება სხვადასხვა ევოპულმა ორგანიზაციებმა შეწყვიტეს და პროექტები დახურეს. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინას ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაც ემუქრება.
“დღეს, ხელისუფლებაში არსებულმა კორუფციამ მორიგი შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა შეაჩერა პროექტი უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. პროექტი, რომელსაც უნდა გაემარტივებინა უკრაინის ევროპასთან ურთიერთობა.
უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ დაისაჯოს არა უკრაინელი ხალხი, რადგან ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრება, არამედ დაისაჯონ პოროშენკო და ის ადამიანები რომლებიც ქვეყანას ძარცვავენ.“-განაცხადა სააკაშვილმა.
საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაცია რეუტერს-მა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლის თქმითაც პროგრამის შეჩერების მიზეზად უკრანაში რეფორმების არარსებობა დასახელდა, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
პროგრამა უკრაინის ევროკავშირის სამეზობლოში ინტეგრაციის მიზნით პოლონეთთან, უნგრეთთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან საკონტროლო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციას ითვალისწინებდა.