ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ ქვემო ალვანში გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც თუშეთის გზის ალტერნატიული პროექტი გააპროტესტეს. მერის თქმით, მან არ იცის რომელ პროექტზეა საუბარი და რას აპროტესტებენ მოქალაქეები.
იოსებ ქარუმაშვილი თუშეთის გზის პროექტს არ იცნობს და არც ის იცის მოსაწონია თუ არა იდეა ახალი გზის მშენებლობის შესახებ.
“ხვალ იგეგმება ამ პროექტის საჯარო განხილვა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მეც ამ შეხვედრიდან გავიგებ თუ რა გზის მშენებლბაზეა საუბარი. მოსაწონია თუ არა იდეა ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს” – აღნიშნა ახმეტის მერმა.
ახმეტის სოფელ ქვემო ალვანში მოსახლოებამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები თუშეთის ალტერნატიული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
პროექტის განხორციელება მთავრობის მხრიდან ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომელიც რამდენიმე რეგიონს აერთიანებს, მათ შორის პანკისის ხეობიდან ახალი გზის მშენებლობას თუშეთის მიმართულებით.
გარემოსდამცველებმა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის წინააღმდეგ ონლაინპეტიცია შექმნეს. ისინი სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას ითხოვენ.