“მეტრონომი”: სასამართლოდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვაზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მკვლელობის საქმიდან ცალკეა გამოყოფილი. დღევანდელ პროცესზე, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განაცხადა, დაცვის მხარე პატიმრობის ალტერნატიულ სახედ გირაოს მოითხოვს.
”ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს და ამბობს რომ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. და დაცვას თავისი პოზიცია ექნება, რომელსაც სასამართლოზე გავაჟღერებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, უკვე მომდევნო პერიოდია რასაც ედავებიან. მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ბრალდება,”- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მეზობელი ჩაისვა მანქანაში, რომელმაც უთხრა, რომ ბიჭებს შორის ჩხუბი მოხდა, თუმცა მას დეტალები არ მოუყოლია.
”ის მეზობელი იყო და რომ უთხრა, რომ ჩხუბი მოგვივიდაო, აღარ უნდოდა გაგრძელებულიყო. მას დეტალები არ მოუყოლია, მიდიოდა თავის საქმეზე, ჩაისვა მანქანაში და გაიყოლა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც ამ საქმეზეა დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული”- აღნიშნა ადვოკატმა. სასამართლო პროცესი დაიხურა. შუამდგომლობა დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
ავტორი: ნინო ცხადაია