ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: ” მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასოდეს ყოფილა გამორიცხული”

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პარლამანეტის თავმჯდომარის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა არასოდეს ყოფილა გამორიცხული.

“ჩვენ თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე ჩვენთვის და ამასთან დაკავშირებით ისმება კითხვები, მათ შორის უცხოელი პარტნიორების მხრიდან და ესეც რომ არ იყოს, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ გაირკვეს რა მოხდა, როგორ მოხდა და აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა. ჩვენ ვიცით, რომ იყო მოთხოვნა შსს-დან, გადასულიყო გამოძიება პროკურატურაში და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს. შეიძლება მივცეთ დამატებითი დრო პროკურატურას იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქმის გამოძიების დროს პროკურატურას გარკვეული სირთულეები აქვს, მათ შორის ის, რომ აფგან მუხთარლის გამოკითხვა შეუძლებელია.

„პროკურატურას აქვს სირთულეები საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელია მუხთარლის გამოკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს ბუნებრივია, საქმის გამოძიებას. ჩვენ შეგვიძლია დრო მივცეთ ჯერჯერობით, პროკურატურას დამატებით, რომ გამოიძიოს საქმე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....