საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი ტიპის სტრუქტურა – ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება, რომელიც მოიცავს საგარეო უწყებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი აპარატის დეპარტამენტებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება სტრუქტურულ რეფორმას, ჩვენ პრინციპში უკვე ჩამოვყალიბდით კონცეფციაზე. მინდა გავავაჟღერო ის ხედვა, რომელზეც უკვე ნამსჯელია და ალბათ, განხორციელდება მომავალ დღეებში. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი ტიპის სტრუქტურის შექმნა – ეს არის ევროპული ტიპის სტრუქტურა და პირველად სახელმწიფო სამსახურების პრაქტიკასა და ისტორიაში, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს – იმ დეპარტამენტებს, რომლებიც შემოგვიერთდა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებულ დეპარტამენტებს.
ამ ორი უწყების გაერთიანებით, გენერალური დირექტორატის ქვეშ იქმნება ძალიან მყარი და ძლიერი სტრუქტურა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე. ჩვენ გვაქვს თანამშრომლებში ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც პოლიტიკურ ცვალებადობას არ ექვემდებარებიან, რადგანაც ისინი არიან პროფესიონალები და ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.