განათლების ეროვნული ცენტრის განცხადებით შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიას” ავტორიზაცია გაუუქმდათ.
მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს გამართულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ”ჰიპოკრატესა” და შპს ”თბილისის საერთაშორისო აკადემიაში” განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მონიტორინგი განხორციელდა ძველი სტანდარტებით (მატერიალური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსი).
ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე,ზემოთ ხსენებულ ორ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას, საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია შეუჩერდა.
”ექსპერთა დასკვნის მიხედვით, დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნები. დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და რესურსების გამოყენების ფაქტები შესაბამისად არ ფიქსირდება. არ ფიქსირდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის სათანადო ბაზები. კლინიკური უნარ-ჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, სერიოზული პრობლემები არის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
დეტალური ინფორმაცია დასკვნისა და ოქმის სახით გამოქვეყნდება ცენტრის ვებ გვერდზე კანონით დადგენილ ვადაში.
სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ ამ დაწესებულების სტუდენტებისათვის. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აგრეთვე ცენტრი დაეხმარებათ სტუდენტებს კონსულტაციებითა და დაწესებულებებთან კომუნიკაციაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.