უკრაინული პოლიტიკური პარტიები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებას უერთდებიან: „დემოკრატიული ალიანსი“, „სამოქალაქო პოზიცია“, „სახალხო კონტროლი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „ბატკივშინა“, „სამოპომიჩი“, „სვობოდა“ და „სამოქალაქო მოძრაობა ხვილია“.
მათი განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკურად გაუსწორდა, დაარღვია ადამიანის უფლებები და უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა.
„ამ დანაშაულის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კანონი დაარღია და საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა, განსასჯელთა სკამზე უნდა აღმოჩნდეს.
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, მისცეს მას უკრაინულ სასამართლოებში საკუთარი უფლებებისა და ღირსების დაცვის საშუალება, როგორც ამას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს“, – ნათქვამია პარტიების განცხადებაში.