პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებით პენსიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დღეს პროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია, პროექტმა სხდომაზე მყოფი 7 კომიტეტის წევრის მხარდაჭერა მიიღო.
განხილვის დროს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის მისამართით კრიტიკა გამოთქვა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კანონპროექტის სამფურცლიანი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის.
საიამ დღეს დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საია განმარტავს, რომ საპენსიო შენატანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, ეს კი ახალი გადასახადის დაწესებას ნიშნავს, რაც კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საპენსიო რეფორმაზე რეფერენდუმის ჩატარება არ განიხილება.
1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.