იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და თხოვს, რომ ისინი უვიზო მიმოსვლას ნუ გაწირავენ.
“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია. კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, მე ვიტყოდი, ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია. მოვუფრთხილდეთ, რადგან ასეთი მიღწევები მრავალი თაობის შრომის შედეგია და ჩვენი ქვეყნის ხელის წამოკვრით ნუ მოვეპყრობით ძალიან დიდ წარმატებას. მე ეს ადრეც ვთქვი და ჩემთვის გაუგებარი კრიტიკა დავიმსახურე, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქცევამ, შეიძლება მოიტანოს – მეთქი ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი. დღევანდელი ახალი ამბავიც ამას ადასტურებს. მათ შორის გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური ხელისუფლებისადმი მიმართვები, რომ მათ აქვთ იმის აღქმა, საქართველოს მოქალაქეები კარგად არ იქცევიან და შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ზომების მიღებაც მოითხოვონ. ამიტომ, გავფრთხილდეთ და დავიცვათ ის კანონი, რომელი ქვეყნის სივრცეში შეღწევასაც ვცდილობთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან საქართველოს 19 მოქალაქე გამოაბრუნეს, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს.