ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქიმიძე და დვალი “რუსთავი2”-ის საქმეზე რეაგირებას ითხოვენ

წილების ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით,ტელეკომპანია “რუსთავი 2” დამფუძნებლები  სამართლებრივ რეაგირებას პროკურატურისგან ითხოვენ.

დავით დვალის თქმით, რაც პროკურატურამ მათ ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, საქმე წინ არ წასულა.

“მინდა შეშფოთება გამოვხატო მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შემდეგ განვითარდა. ჩვენი განცხადების ერთ-ერთი საკითხი ეხება იმას რომ გამოძიება არ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, გამოკვეთილია დამნაშავეთა წრე, პროკურატურა საქმეს არ აგრძელებს. თუ 1 წელიწადში ბრალის წარდგენა არ მოხდება საქმეს ხანდაზმულობის ვადა ეწურება, რაც ქართულ სასამართლოებში დავის უფლებას გვართმევს”, – თქვა დავით დვალმა.

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების განცხადებით, საქმეში რამდენიმე პირის ბრალეულობა იკვეთება. მათი თქმით, “მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის საუბარი. ფიგურირებს ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილიც”.

დღეს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სტრასბურგის სასამათლოს მიერ გამოგზანილ წერილზეც ისაუბრეს და იუსტიციის სამინისტრო არასრული თარგმანის გამო გააკრიტიკეს.

“წერილში ევროპული სასამართლო ითხოვს პასუხებს კითხვებზე, თუმცა ქართულ თარგმანში არ არის თარგმნილი კითხვა, რომელიც რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს ეხებათ. იმედია, რომ ევროპულ სასამართლოს ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია გადაეგზავნება” – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულ მხარეებად 9 მაისს ცნო.

ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. “რუსთავი 2”-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

იტვირთბა....