მოსამართლე დავით კურტანიძემ ჩატაევთან კავშირში ბრალდებული 7 პირი პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულების ადვოკატებმა აღმკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვის საფრთხე, ამიტომაც პატიმრობის გირაოთი შეცვლა სარისკოა.
“თითოეულთან დაკავშირებით საერთო გარემოებები იკვეთება, ამიტომ სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეხედულებას, რომ თითოეულთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. წარმოდგენილია მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უკვე დადასტურებულია, არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან მკაცრი ბრალდება ხდება მოტივატორი, ამიტომ პატიმრობის შეცვლა გირაოთი რისკის შემცველია” აღნიშნა დავით კურტანიძემ.
აღმკვეთის გადახედვა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
შეგახსენებთ, რომ პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.