გარდაბნის საკრებულოს წევრს, გივი ძმანაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ძმანაშვილს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.
“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულ გ.ძ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ საპატიმრო გირაო განუსაზღვრა.
ბრალდებულ გ.ძ.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეუფარდა”.
ცნობისთვის, 8 თებერვალს გარდაბნის საკრებულოს წევრი, გივი ძმანაშვილი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ძმანაშვილი საკრებულოში “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარეა.