აფგან მუხტარლის საქმეთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ. ზაფხულში ინიცირებულ საკითხს “ევროპული საქართველო” ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიუბრუნდა.
“არსებობს კონკრეტული ეჭვები რომ ამაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ ჩვენი სპეცსამსახურები. ამიტომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით დროულად განვიხილოთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის”, – განაცხადა ოთარ კახიძე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა რომ საკითხი მიმდინარე კვირაში განიხილება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

