ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნარკოპოლიტიკის განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო

ipn-ის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სამი კვირით გადაიდო.

ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, კანონპროექტის განხილვა ბიუროს სხდომაზე მოითხოვეს.

ბესელიამ და მათიკაშვილმა განმარტეს, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაცია. მათ კონსულტაციების შედეგების დალოდება სურთ და როგორც კი პრინციპებთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება, საკითხს კომიტეტი განიხილავს.

17 იანვარს ნარკოპოლიტიკის შეცვლის გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც კი გააკეთა და თქვა, რომ ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიანურება “უკურეაქციას გვაძლევს”.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

იტვირთბა....