ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავით მახარაძე, ახმეტის მერიას ყოველთვიურად
2000 ლარის ჩარიცხვას სთხოვს, სამონასტრო კომპლექსთან მდებარე ტუალეტისთვის ქაღალდისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. ამის დამადასტურებელი დოკკუმენტი წერილია, რომელიც ახმეტის მერიას მიტროპოლიტმა გაუგზავნა.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, ახმეტის მერიამ ალავერდის ეპარქიას ყოველწლიურ 24 000 ლარის გადარიცხვაზე უარი უთხრა, თუმცა მერია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის ეპარქიიდან ასეთი მოთხოვნის შესახებ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავით აბულაძის განმარტებით, ასეთი მოთხოვნით მერიის კანცელარიაში წერილი რეგისტრირებული არ არის.
„რეგინფომ“ ამის შემდეგ კიდევ სცადა ინფორმაციის დაზუსტება. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, რამდენიმე პირმა დაადასტურა, რომ ასეთი წერილი მერიამ ეპარქიიდან ნამდვილად მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც წერილით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გადაწყვიტეს მიმოწერა არ გაეხმაურებინათ. ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს მიტროპოლიტი დავითი.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტი 2011-2012 წლებში მიტროპოლიტ დავითის მოთხოვნით აშენდა.
აღნიშნული ტუალეტი მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე წელი საერთოდ არ ფუნქციონირებდა, ამჟამად კი ფასიანია, შესვლა 50 თეთრი ღირს. ტუალეტში შემსვლელთაგან გადახდილ თანხას ეპარქიისგან შერჩეული პირი იღებს.
ტუალეტის მშენებლობის მიზნით, ახმეტის გამგეობამ პირველი ტენდერი 2011 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა. მისი მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულად შპს „იმედი 10“ (ს/კ – 406027428) გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2011 წლის 17 ოქტომბერს 127 900 ლარზე გაფორმდა.
იმავე წლის 13ოქტომბერს ახმეტის გამგეობამ ტუალეტის მოწყობისათვის კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 22 000 ლარზე. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – შპს „იბერიამშენთან“ (ს/კ – 406052587) ხელშეკრულება 14 ნოემბერს 17 999 ლარზე გაფორმდა.
კიდევ ერთი ტენდერი ალავერდის ტუალეტის სახურავისა და ფასადის მოწყობასთან დაკავშირებით 2011 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. ტენდერში ინდმეწარმე ნინო მაზიაშვილმა გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება 2012 წლის 4 იანვარს 3921 ლარის სამუშაოებზე გაფორმდა.
ტუალეტის შიდა კეთილმოწყობაზე გარკვეული თანხა გაიღო კახეთის განვითარების სააგენტომაც, თუმცა დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ტუალეტის მშენებლობა პირადად ალავერდის მიტროპოლიტის მითითებებით ხორციელდებოდა, ამის გამო პროექტიც არაერთხელ შეიცვალა, ზოგიერთი სამუშაო კი მიტროპოლიტმა დასრულების შემდეგ დაიწუნა და ხელახლა შეასრულებინა. პროექტის განხორციელებაში ძალოვანი სტრუქტურებიც იყვნენ ჩართული, – სამუშაოების მიმდინარეობას ინტენსიურად აკონტროლებდა კახეთის ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი ხუტა პაჭკორია.

